პარასკევი, ივლისი 3

‘ტკივილი ფასია, ძიუდოისტობა პრივილეგია’ – ინტერვიუ ზებედა რეხვიაშვილთან

ფონტი

‘ტკივილი ფასია, ძიუდოისტობა პრივილეგია’ – ინტერვიუ ზებედა რეხვიაშვილთან

ძიუდოს ცნობილმა ჰოლანდიურმა საიტმა Judo Inside-მა ზებედა რეხვიაშვილთან (81 კგ) ინტერვიუ შემოგვთავაზა. 

Judo Inside: როგორ დაიწყეთ ძიუდოში ვარჯიში?

ზებედა რეხვიაშვილი: 2001 წელს 10 წლის ასაკში დავიწყე ვარჯიში. დედას უნდოდა, რომ კარატეზე მევლო, მამას – ფეხბურთზე. მაგრამ უბანში ბიჭებმა მითხრეს, რომ ძიუდო მეცადა და მეც მაშინვე მივხვდი, რომ ეს იყო ზუსტად ის, რაც მსურდა.

Judo Inside: განსაკუთებით რამ შეგაყვარათ სპორტის ეს სახოება?

ზებედა რეხვიაშვილი: როგორც კი პირველად შევედი დოჯოზე, მივხვდი, რომ ეს რაღაც სულ სხვა იყო. ეს არ იყო ჩვეულებრივი სპორტი. ძიუდოისტების მენტალიტეტი, მათი ქცევა – ყველაფერი საოცარი იყო. ურთიერთპატივისცემამ მომხიბლა და მშობლებს ვუთხარი, რომ ძიუდოზე სიარული მსურდა.

Judo Inside: თქვენი პირველი კლუბი ძიუდოში…

ზებედა რეხვიაშვილი: როცა მე ვარჯიში დავიწყე, საქართველოში ის დრო არ იყო, რომ კლუბები ყოფილიყო. მთავრობის ხელშეწყობით იყო ძიუდოსა და სამბოს წრეები და სოფლის ახალგაზრდობა იქ დადიოდა.

Judo Inside: საქართველოში ახლა ბევრი ძიუდოს კლუბია?

ზებედა რეხვიაშვილი: საქართველოში ცოტა სხვა სიტუაციაა, ევროპაში ბევრი კერძო კლუბია, საქართველოში კი ორი პროფესიული კლუბი – გოლდენ გორი და მებრძოლი. თითქმის ყველა მოწინავე ძიუდოისტი, ამ ორი კლუბიდან ერთ-ერთშია, მე მებრძოლის წევრი ვარ. ჩემთან ერთად არიან პაპინაშვილი, ჭრიკიშვილი, ლიპარტელიანი, თუშიშვილი და ტატალაშვილი. გოლდენ გორში ირიცხებიან მარგველაშვილი, შავდათუაშვილი, ღვინიაშვილი, მაისურაძე და ასე შემდეგ…

Judo Inside: ორი კლუბი ერთობლივ ვარჯიშებს თუ ატარებს?

ზებედა რეხვიაშვილი: დიახ, ჩვენ ძიუდოს აკადემიაში ვვარჯიშობთ. საკლუბო სისტემა საქართველოში ისეთი არაა, როგორც ევროპაში წარმოუდგენიათ. 

Judo Inside: ძიუდო თქვენი ერთადერთი პროფესიაა?

ზებედა რეხვიაშვილი: დიახ, საქართველოში ტოპძიუდოისტები მხოლოდ ძიუდოში არიან დაკავებულები. ჩვენ სხვა სამსახური არ გვაქვს.

Judo Inside: და ხელფასებს მთავრობა იხდის?

ზებედა რეხვიაშვილი: არა, მთავრობა იხდის თანხას, თუ ჩვენ მსხვილ საერთაშორისო ტურნირებზე ვიმარჯვებთ. ესენია: ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიოს ჩემპიონატი და ოლიმპიური თამაშები. ხელფასი კი კლუბში გვაქვს დანიშნული. ზოგიერთ ძიუდოისტს კი სპონსორიც ჰყავს, როგორც მე – “ადიდასი”.

Judo Inside: ქართველ ძიუდოისტებს გამორჩეული სტილი აქვთ, მაგრამ თქვენ ცოტა სხვანაირად ჭიდაობთ. თქვენ ისეთ ილეთებს იყენებთ, როგორიც სეოი-ნაგე და ტაი-ოტოშია. რატომ?

ზებედა რეხვიაშვილი: ალბათ, იმიტომ, რომ მე ტრადიციული, ქართული ჭიდაობიდან არ მოვდივარ. ვაკვირდები დიდებულ ძიუდოისტებს და ვატარებ ექსპერიმენტებს. სეოი-ნაგე ოლიმპიურ ჩემპიონ ჩოი მინ-ჰოსგან “ვისესხე”. ტაი-ოტოში ლი ვონ-ჰეეს შესრულებით მომეწონა. გადავწყვიტე, რომ ორივე ეს ტექნიკა ჩემს არსენალში შემეტანა.

Judo Inside: ქართველებს არ უყვართ ნევაზა…

ზებედა რეხვიაშვილი: დიახ, ბევრს არ უყვარს, მაგრამ ყველაფერი იცვლება. მაგალითად, ლიპარტელიანს უყვარს ნევაზა. მას ეს ძალიან მაღალ დონეზე აქვს აყვანილი. თავიდან მეც არ მიყვარდა, მაგრამ ახლა სხვა აზრზე ვარ. რამდენიმე წლის წინათ, მივხვდი, რომ ნევაზას გარეშე ძიუდო სრულყოფილი არ არის და მისი გამოყენება ვარჯიშზე დავიწყე.

Judo Inside: რა არის ამის მიზეზი?

ზებედა რეხვიაშვილი: ქართველები “ჭიდაობიდან” მოვდივართ, რომელიც ბევრ რამეში ჰგავს ძიუდოს, მაგრამ ჭიდაობაში არ არის “დაბლა ჭიდაობის” ელემენტები. ძიუდოში ბევრი ის ტექნიკა, რაც ქართველებს გამოარჩევს, ქართული ჭიდაობიდან მოდის. 

Judo Inside: როგორც ხაბარელის ილეთი?

ზებედა რეხვიაშვილი: ზუსტად. შოთა ხაბარელმა ეს ილეთი საქვეყნოდ ცნობილი გახადა, თუმცა ის ქართული ჭიდაობიდან მოდის.

Judo Inside: ქართველებს კიდევ ერთი რამ გამოარჩევთ, ისინი ჭიდაობისას ორივე მხარეს მუშაობენ, მარცხნივ და მარჯვნივ…

ზებედა რეხვიაშვილი: დიახ, ბევრი ძიუდოისტი ხვეწს ამას ვარჯიშებზე. მაგალითად, ტაო-ოტოშის მარჯვნიდან ვაკეთებ, თუმცა მარცხენა მხარესაც შემიძლია.

Judo Inside: მართალია, რომ ქალთა ძიუდო არ იყო თქვენთან პოპულარული? თუმცა ახლა ეთერ ლიპარტელიანი გყავთ…

ზებედა რეხვიაშვილი: დიახ, საქართველო საკმაოდ კონსერვატიული ქვეყანაა, სადაც ძიუდო არ იყო გოგონებისთვის, თუმცა ყველაფერი იცვლება.

Judo Inside: თქვენს კარიერას ტრავმებმა დაღი დაასვა…

ზებედა რეხვიაშვილი: ორივე ფეხზე მძიმე ტრავმა გადავიტანე, ასევე მარჯვენა მხარზე. ეს უმთავრესი ტრავმები, იყო კიდევ წვრილ-წვრილი. ბოლოს ფეხი ნოემბერში დავიშავე. ასე რომ წლეულს არც მიჭიდავია. ახლაც რეაბილიტაციას გავდივარ. ტკივილს ისევ ვგრძნობ. კარგად მესმის ეს – ტკივილი ის ფასია, რასაც ძიუდოისტები ვიხდით, ძიუდოისტობა კი დიდი პრივილეგიაა. 

Judo Inside: ახლა კლუბები დაკეტილია, როგორ ვარჯიშობთ?

ზებედა რეხვიაშვილი: მუხლის გასაძლიერებელ ვარჯიშებს ვაკეთებ. როცა პარტნიორთან ჭიდაობის შანსი არ არის, კმაყოფილდები იმით, რაც არის. 

Judo Inside: უკვე 29 წლის ხართ, აგრძელებთ კარიერას და დასრულებაზე არ ფიქრობთ?

ზებედა რეხვიაშვილი: რომ შეიძლებოდეს, არც დავასრულებდი. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, როდის დავასრულებ კარიერას. ძიუდო ჩემთვის მხოლოდ სპორტი არ არის. როცა ტატამიზე არ ვარ, ვერც კი გადმოვცემ, ეს რა ცუდი გრძნობაა.

Judo Inside: ქართველი ძიუდოისტები ადრე ოჯახდებიან…

ზებედა რეხვიაშვილი: მე უკვე სამი შვილი მყავს, ორი ბიჭი და გოგონა. დიახ, საქართველოში ევროპელებზე ადრე ზრუნავენ ამაზე. 21 წლის ვიყავი, როცა დავოჯახდი.

Judo Inside: ახლა ძიუდოს სამყარო გაჩერებულია, რას ეტყვით მათ?

ზებედა რეხვიაშვილი: ძიუდო მხოლოდ სპორტი არ არის, ის ცხოვრების წესია. ის გონებიდან მოდის. ასე რომ, იყავით კარგი ძიუდოისტები, ივარჯიშეთ და დააფასეთ ძიუდოს ღირებულებები ამ მძიმე დროს.

0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
გაზიარება 👇🙌
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა
0
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაგვიწერეთ კომენტარი.x
()
x