პარასკევი, ივლისი 3

რეალურად რა ძალა იყო ტიმ დანკანი და რატომ არ აფასებენ მას

ფონტი

რეალურად რა ძალა იყო ტიმ დანკანი და რატომ არ აფასებენ მას

ტიმ დანკანი ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშეა მათ შორის, ვინც ოდესმე პარკეტზე გასულა. გარანტირებულად შეიძლება ითქვას, რომ ის თამაშის ისტორიაში საუკეთესო მძიმე ფორვარდია – კაცი, რომელმაც პროვინციული სან ანტონიო კალათბურთის ელიტაში შეიყვანა. დანკანი ხუთგზის ჩემპიონი და კობისთან და ლებრონთან ერთად, პოსტჯორდანისეული ეპოქის საუკეთესო მოთამაშეა. მისი სპურსი თითქმის 20 წლის მანძილზე მუდმივად ლიგის ფავორიტებს შორის მოიაზრებოდა.

ამ ყველაფრის მიუხედავად, დანკანი თითქოს მაინც დაუფასებელია. მას არცთუ ისე ბევრი პირადი გულშემატკივარი ჰყავს და უდიდეს მოთამაშეებზე დისკუსიის დროს, მის სახელს არცთუ ისე ხშირად ახსენებენ. რატომ? რეალურად რა ძალა იყო ტიმ დანკანი და რატომ არ ვაფასებთ მას?

Big Fundamental

დანკანის შესახებ ბევრ რამეს მისი მეტსახელი ‘Big Fundamental’ გვეუბნება. 211-სანტიმეტრიანი დანკანი ‘დიდი’ რატომაც არის, გასაგებია, ‘ფუნდამენტური’ კი მის სათამაშო სტილსა და თვისებებს აღწერს. ის ყველაზე ნაკლებად ეფექტური სუპერვარსკვლავი იყო, ჰაილაითებში არასოდეს ხვდებოდა. სამაგიეროდ, თავის გუნდს ფუნდამენტურ რამეებს სთავაზობდა – ელიტური დაცვა, გარანტირებული 25 ქულა და 10 მოხსნა, თანაგუნდელების პროგრესირების უნარი და ლიდერობა პარკეტზე და მის მიღმა.

დანკანის მეხუთე ჩემპიონობა
დანკანის მეხუთე ჩემპიონობა

დანკანთან ერთად გუნდს ჩემპიონური ფუნდამენტი აქვს – სან ანტონიომ და გრეგ პოპოვიჩმა თავისი დინასტია სწორედ ამ ფუნდამენტზე შექმნეს. მისი მნიშვნელობა რომ გავიგოთ, უნდა გავიხსენოთ, რომ სპურსის პირველი ჩემპიონობა 1999 წლით თარიღდება, ბოლო კი 2014-ით. ზედიზედ 15 წელი სან ანტონიო NBA-ს ყველაზე სტაბილური გუნდი იყო. ქარიმ აბდულ ჯაბარის გარდა, კალათბურთის ისტორიას არ ახსოვს შემთხვევა, როდესაც მოთამაშე ამდენი წლის განმავლობაში თავისი ფორმის პიკში იყო და საჩემპიონო გუნდის ლიდერად მიიჩნეოდა. ეს დაახლოებით ისეა, ლებრონმა თავისი ჩემპიონობა 2027 წელს მოიგოს და ისევ გუნდის ლიდერი იყოს.

დანკანი თავის მეორე სეზონში უკვე ფინალის MVP იყო (მეორე ყველაზე ახალგაზრდა ისტორიაში) და თავის ბოლო სეზონებშიც ელიტურ დონეზე თამაშობდა.

ამ 15-წლიანი მონაკვეთის მანძილზე სან ანტონიოს არ ჰქონდა არცერთი ჩაგდებული სეზონი პლეი ოფის გარეშე და მოგება-წაგებების უარყოფითი მაჩვენებლით. თანამედროვეობას სპურსი უფრო დანკანი-ჯინობილი-პარკერის ტრიოთი შემორჩა. ეს ისტორიულ სინამდვილეს არ შეესაბამება. სპურსი მხოლოდ ორი კაცის გუნდი იყო – პოპოვიჩის და დანკანის. ეს წყვილი ჩემპიონობებს მაშინაც იგებდა, როდესაც პარკერი-ჯინობილის დუეტი NBA-ში საერთოდ არ თამაშობდა (1999 წელს), მაშინაც, როცა ისინი ახალგაზრდები იყვნენ და გუნდის თამაშზე მნიშვნელოვანი გავლენა არ ჰქონდათ (2003) და მაშინაც, როცა ისინი ფორმის პიკში იყვნენ (2005, 2007).

არც ჯინობილი და არც პარკერი, არასოდეს, თავის საუკეთესო სეზონებშიც კი, NBA-ს მოთამაშეების ტოპ ათეულში არ ყოფილან. უფრო კონკრეტულად, ათეულთან ახლოსაც კი არ ყოფილან. ეს იმას ნიშნავს, რომ სპურსის დინასტია დანკანმა ისე შექმნა, რომ გვერდით არასოდეს ჰყოლია სხვა სუპერვარსკვლავი. კავაი ლეონარდმა ეს სტატუსი მხოლოდ 2014 წლის შემდეგ მიიღო, ‘ადმირალ’ რობინსონი კი 1999 წელს, სან ანტონიოს პირველი ჩემპიონობის დროს 34 წლის იყო და შემდეგ სეზონებშიც ის გუნდში უფრო მეტად ლეგენდარული ვეტერანის სტატუსს ირგებდა, ვიდრე მეორე ვარსკვლავის. მაგალითად, 2003-ის ფინალების დროს დანკანს თამაშში საშუალოდ 24 ქულა და 17 მოხსნა ჰქონდა, რობინსონს 10 ქულა და 7 მოხსნა.

ტიმის ისტორიულ მნიშვნელობას ხაზს უსვამს კიდევ ერთი ფაქტი: დანკანის გარშემო სრულიად განსხვავებული ტიპის და სტილის გუნდის შექმნა იყო შესაძლებელი – ის ყველანაირ სათამაშო სტილსა და სისტემას ერგებოდა. 1999 წლის სპურსი ორი ცენტრით, ორი 210-სანტიმეტრიანი მოთამაშით, დანკანით და რობინსონით თამაშობდა – ეს იყო დაცვითი და ათლეტური გუნდი, რომელიც სამწამიანიდან უტევდა, პერიმეტრიდან თამაშში მხოლოდ 4.1 სროლას აგდებდა და საშუალოდ 88.4 ქულას აგროვებდა. ის თავს კომფორტულად გრძნობდა ამ პერიოდის ნელ და პოზიციურ თამაშში.

დანკანი და რობინსონი
დანკანი და რობინსონი

2000-იანებში დანკანი უკვე თავად თამაშობდა ცენტრის პოზიციაზე კიდევ ერთ ძალიან დაცვით გუნდში. 2006-2007 წლებში ლიგამ წესები შეცვალა, თამაში უფრო ნაკლებად ფიზიკური და კონტაქტური გახდა – დანკანის პირადი სტატისტიკა არ შეცვლილა და სპურსმა ჩემპიონობა კვლავ მოიგო.

2000-იანების ბოლოს კი პოპოვიჩმა ახალი სისტემა შექმნა, რომელიც ბურთის სწრაფად მოძრაობას ეფუძნებოდა. 2014 წლის ჩემპიონი გუნდი ერთ-ერთი საუკეთესო იყო NBA-ს თანამედროვე ისტორიაში შეტევაში ბურთის მოძრაობის, სროლების შექმნის და განაწილების კუთხით. სწრაფ თამაშში, ე.წ. დაბალი ხუთეულების (Small Ball-ის ეპოქაში) ის ძალიან ორგანულად გამოიყურებოდა. დანკანი გუნდის ლიდერად სრულიად ურთიერთგამომრიცხავ სათამაშო სისტემებშიც რჩებოდა.

admin
უახლესი პოსტები adminსგან (ყველას ნახვა)
0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
გაზიარება 👇🙌
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა
0
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაგვიწერეთ კომენტარი.x
()
x