პარასკევი, ივლისი 3

კირიოსი: “ჩემი მიზანი სლემების მოგება არ არის”

ფონტი

კირიოსი: “ჩემი მიზანი სლემების მოგება არ არის”

ავსტრალიელ ჩოგბურთელს ორჯერ უთამაშია დიდი სლემის ტურნირების 1/4-ფინალში, ავსტრალიის ღია პირველობასა და უიმბლდონზე. 

მიუხედავად ამისა, ძალიან ბევრი ადამიანი საჩოგბურთო საზოგადოებიდან მიიჩნევს, რომ ნიკ კირიოსს გაცილებით მეტი შეუძლია და საკუთარი პოტენციალის სრულყოფილად გამომჟღავნებას არ ცდილობს. 

საინტერესოა ისიც, რომ მოთამაშეების უმრავლესობისგან განსხვავებით, ავსტრალიელი ტურნირებზე მწვრთნელთან ერთად არ მოგზაურობს და ხშირად არაპროფესიონალურ დამოკიდებულებასა და შრომის ეთიკის ნაკლებობას ამჟღავნებს. 

ამ ყველაფერზე ნიკ კირიოსმა ელიოტ ლოუნისთან ისაუბრა: 

“პირადად ჩემთვის, ვფიქრობ, რომ მწვრთნელის დაქირავება ფულის გადაყრაა. მიმაჩნია, რომ მათ ზედმეტად ბევრს უხდიან. თანაც, ჩემი მიზანი სლემების მოგება არაა. უბრალოდ მინდა, რომ ყველაფერი ჩემებურად ვაკეთო, გავერთო და უბრალოდ ვითამაშო. ჩემთვის მწვრთნელის დაქირავებას აზრი არ აქვს, რადგან მათი დროის გაფლანგვაც არ მინდა. არ ვფიქრობ, რომ ისინი ჩემთან ურთიერთობისთვის მზად არიან და არ მინდა მცირე კოშმარის პირისპირ აღმოჩნდნენ. სიმართლე გითხრათ, რჩევების მოსმენა დიდად არც მიყვარს”, – ამბობს ნიკი ავსტრალიელი კომიკოსის პოდკასტში საუბრისას. 

ნიჭიერმა ავსტრალიელმა სლემის მოგებასთან დაკავშირებით კიდევ ერთი საინტერესო განცხადება გააკეთა: “არ მჯერა, რომ ჩემი სხეული დიდ სლემზე ჩასატარებელ 7 შეხვედრას გაუძლებს, რომლებშიც პოტენციურად 3-4 საათი მომიწევს თამაში”.

ფაქტია, რომ 25 წლის ავსტრალიელი ტურის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მოთამაშეა, მაგრამ სპორტთან სრულიად უნიკალური და თავისუფალი მიმართება აქვს“რომ შემეძლოს, ყოველი თამაშის შემდგომ ლუდს დავლევდი. უბრალოდ მინდა, რომ მშვიდად ვიყო. ვფიქრობ, ხალხი სპორტს ზედმეტად სერიოზულად უდგება. 14-15 წლის ვიყავი, როცა მეუბნებოდნენ, რომ თუ წონაში არ დავიკლებდი, ვერ ვითამაშებდი. მაშინ ამის გადალახვა რთული იყო, მაგრამ მინდოდა დამემტკიცებინა, რომ ცდებოდნენ. მინდოდა, მსუქანი ბავშვი კანბერადან გასულიყო და ბურთებზე დარტყმის მშვენიერი უნარით მსოფლიოს საუკეთესოებთან ეთამაშა”. 

მართალია, ბევრ ადამიანს გული წყდება და მიიჩნევს, რომ ნიკ კირიოსი საკუთარ ტალანტს ფლანგავს, მაგრამ ფაქტია, რომ ის საკუთარი კარიერით კმაყოფილია და იმ ყველაფერს ცალსახად მიაღწია, რაზეც საუბრობს – ავსტრალიელმა დიდი სამეულის ყველა წევრი პირველსავე შეხვედრაში დაამარცხა და მთლიანობაში მათ წინააღმდეგ 6 მატჩი აქვს მოგებული. 

0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
გაზიარება 👇🙌
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა
0
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაგვიწერეთ კომენტარი.x
()
x