ოთხშაბათი, ივლისი 8

პროკურატურის საგანგებო განცხადება შაქარაშვილის საქმეზე

ფონტი

პროკურატურის საგანგებო განცხადება შაქარაშვილის საქმეზე

27 ივნისს ოფიციალურ განცხადებასთან ერთად სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც საჯაროდ გამოაქვეყნა:

“საქართველოს პროკურატურამ, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დაკავებულ ჩვიდმეტივე პირს წარუდგინა ბრალდება ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

მომხდარი ცემის და თავდასხმის ფაქტები დასტურდება შემთხვევის ადგილზე მყოფი პირების გამოკითხვებით, რომლებიც დეტალურად აღწერენ კონფლიქტის დაწყების მიზეზებს და მასში მონაწილე მხარეებს, მიუთითებენ დანაშაულის ჩამდენ პირებზე. აღნიშნული დასტურდება ასევე ვიდეო-სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით და მოწმეთა მონაწილეობით ჩატარებული აღნიშნული ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმებით.

ამავდროულად, გამოძიების დაწყების დღიდან, ინტენსიურ რეჟიმში ტარდება სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რომელთა რიცხვი ამ ეტაპისთვის 750-ზე მეტია, მათ შორის: საქმის ირგვლივ გამოიკითხა 60-მდე პირი და მოწმეთა დაკითხვა ამ ეტაპზეც გრძელდება; ამოღებულია მომხდარი ფაქტების დროს შემთხვევის ადგილზე მყოფი 46 პირის მობილური ტელეფონი და მათი ტანსაცმელი; ჩატარდა 40-მდე პირის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა რამდენიმე ათეული, სხვადასხვა სახეობის კომპიუტერული ტექნიკა, საიდანაც ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, დანიშნულია საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზა; 36 პირს ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა; საექსპერტო კვლევისათვის აღებული იქნა სხვადასხვა სახის 100-ზე მეტი ნიმუში; მოპოვებულია ასევე მომხდარი ფაქტების ამსახველი ვიდეომასალა და განხორციელდა მათი დათვალიერება;
ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზის და ცხედარზე არსებული დაზიანებების დადგენის მიზნით. 

გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა, რომლითაც დადგინდება გარდაცვალების მიზეზი, ასევე სხვა რიგი გარემოებები, რაც თავის მხრივ უმნიშვნელოვანესია საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად.
საქართველოს პროკურატურა მზაობას გამოთქვამს დაზარალებულის ოჯახთან ინტენსიური თანამშრომლობისთვის, ასევე, საქმის მიმართ საზოგადოებაში არსებული მაღალი ინტერესის გათვალისწინებით მედიასთან და  ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან პროცესის გამჭვირვალედ წარმართვისთვის, შესაბამისად მოვუწოდებთ ყველას თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რათა არ შეეშალოს ხელი საქმეზე სრულყოფილი, ობიექტური გამოძიების წარმართვას და მართლმსაჯულების აღსრულებას.
საქმეზე გრძელდება გამოძიება. 
საქართველოს პროკურატურა მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს ძალადობრივი ხასიათის დანაშაულის წინააღმდეგ და ამ შემთხვევაშიც პროკურატურას ექნება უმკაცრესი მიდგომა აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში მხილებული ბრალდებულების მიმართ”.

0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
გაზიარება 👇🙌
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა
0
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაგვიწერეთ კომენტარი.x
()
x