კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის ფონზე, ჩინეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აზიური ქვეყანა 2020 წლის დასასრულამდე არც ერთ საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებას აღარ უმასპინძლებს. 

როგორც იცით, ნორმალური დღის წესრიგის პირობებში, შემოდგომაზე საჩოგბურთო სამყარო აზიური ტურნესთვის ემზადება ხოლმე. 2020 წელს ამ უკანასკნელის არსებობა უზარმაზარი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, რადგან ჩინეთის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება WTA ტურში 7 ღონისძიებას, ATP ტურში კი 4 ტურნირს გააუქმებს.

ქალთა ტურში ბეიჯინგის, ვუჰანის, ჯიანჩის, ჟენგჟუს, ჟუჰაის და გუანშოუს ტურნირებთან ერთად, წლის შემაჯამებელი ტურნირი, შენჯენის ფინალებიც გაუქმდება.

მამაკაცთა ტურში კი, ჩანდუსა და ჟუჰაის 250-ქულიანი, ბეიჯინგის 500-ქულიანი და შანხაის 1000-ქულიანი მასტერსი გაუქმდება. 

ამ ყველაფერზე კომენტარები ორივე ტურის თავმჯდომარემ გააკეთა. 

სტივ საიმონი (WTA-ის ხელმძღვანელი / თავმჯდომარე)“საოცრად დამწუხრებულები ვართ, რომ ჩვენი მსოფლიო დონის ღონისძიებები ჩინეთში არ ჩატარდება. გადაწყვეტილების ფარგლებში უქმდება შენჯენის შემაჯამებელი ტურნირიც და შენჯენში მოსახვედრად სარეიტინგო ბრძოლაც. ჩვენ პატივს ვცემთ მიღებულ გადაწყვეტილებას და მოუთმენლად ველით მომავალ სეზონში ჩინეთში დაბრუნებას”. 

ანდრეა გაუდენცი (ATP-ის თავმჯდომარე): “ჩვენ პატივს ვცემთ ჩინეთის გადაწყვეტილებას და გულმძიმედ ვაცხადებთ, რომ ATP-ის ღონისძიებები 2020 წელს ჩინეთში აღარ ჩატარდება. ჩინური ტურნირები საჩოგბურთო ტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი და მისი არსებობისთვის საჭირო ქვაკუთხედია. ჩინელი გულშემატკივრები მსოფლიოში ყველაზე ვნებიანი გულშემატკივრები არიან – ვიცი, რომ მოთამაშეები მათ წინაშე თამაშის შესაძლებლობას მოუთმენლად ელიან”.

0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
sportfans
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა